12 ოქტომბერი 2026,   15:57
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ვინც აღიარებს დანაშაულს, პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედონ, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მხრიდან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი შეფასებით, როდესაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის ორგანიზატორები საპროცესო შეთანხმებაზე მიდიან, უფრო ნათლად აჩვენებს, "საერთო ჯამში რა ხალხთან გვაქვს საქმე". 

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებმა დანაშაული ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს და პირველ რიგში, ეს დანაშაული უნდა მოინანიონ, სინანულის შემდეგ კი, იქნება ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. 

"ეს აღიარებები ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით, როდესაც ორგანიზატორები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, აჩვენებს საერთო ჯამში რა ხალხთან გვაქვს საქმე.

ამ ადამიანებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ძალიან გააზრებული მოქმედება, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების პოლიციის გმირული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და დაიცვეს მთლიანად ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე და რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა და როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო, აი ამ ადამიანებმა ამისთვის გაწირეს ქვეყანა, გაწირეს ხალხი და დღეს იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ორგანიზატორები არიან 4 ოქტომბრის და მათ მიმართ მოწყალების საკითხის მიმართ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის, ვინც აღიარებს თავიანთ დანაშაულს, ის, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედონ, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ.

ასე, რომ სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, დაინახოს საზოგადოებამ, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა ადგილი 4 ოქტომბერს, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში.

ყველას მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ყველამ მოინანიოს და სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები