ბრალდებები და პირობები უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას წაუყენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ითხოვს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს და ზელენსკი ხელისუფლებას ჩამოშორდეს. თეთრი სახლის ლიდერი უკრაინელ კოლეგას მიმდინარე ომის გაჭიანურებაში და სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი თვლის, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული იერიშების გამო გლობალურ ბაზარზე დიზელის ფასიც იზრდება.
ვაშინგტონმა მოსკოვსა და კიევს შორის ენერგეტიკული ზავი უკვე გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში მხარეებს მისი დაცვისკენაც მოუწოდა. გარიგების დეტალები Axios-მა გაარკვია. გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა პირველ ეტაპზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას გულისხმობს. მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა ელექტროსადგურებზე და ელექტროგადამცემ ქსელებზე დარტყმების შეჩერება გახდეს.
თეთრ სახლში ახლა კიევზე ზეწოლის კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობენ. ინფორმაცია Financial Times-მა მოიპოვა. გამოცემა წერს, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტას გეგმავს.
განსხვავებულია მიდგომა რუსეთის მიმართ. The New York Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი კრემლისთვის სანქციების ნაწილის შემსუბუქებაზე და გაყინული აქტივების განბლოკვაზე მუშაობს. რუსულმა მხარემ ამერიკული შეთავაზება უკვე მიიღო. საუბარია მილიარდობით დოლარის ავანსად დაბრუნებაზე.
უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირების ფონზე, შტატებმა რუსეთის სასარგებლოდ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო - ხაზინამ ამერიკაში და მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის იმპორტის და გაყიდვის ლიცენზია გასცა. ოფიციალური ცნობით, ვაშინგტონის ამ ნებართვის საფუძველზე, მოსკოვი საერთაშორისო ბაზარზე, ეტაპობრივად, ჯამში 5 მილიონი ტონა დიზელის შეტანასა და რეალიზაციას შეძლებს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე