15 ოქტომბერი 2026,   09:31
ვრცლად
"საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია სამოციქულო მემკვიდრეობას თავისი მორწმუნეების ურყევი ერთგულებით განამტკიცებდა" - მსოფლიო პატრიარქი

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქმა შიო მესამემ წირვა ჩაატარა.

მსახურებას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის წერილი გააცნეს.

ბართლომეოს პირველის სიტყვა, საზოგადოებას ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტმა, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენელმა ბესარიონმა გააცნო:

"მინდა გაგაცნოთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით. სულიერად ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იკრიბება, რათა პატივი მიაგოს უფლის კვართს და მადლობა შესწიროს ღმერთს ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია სამოციქულო მემკვიდრეობა თავისი მორწმუნეების ურყევი ერთგულებით და მოწამეთა მოწმობით განამტკიცებდა. უმძიმესი განსაცდელების დროსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღიარება ხალხის სულიერი ცხოვრების საყრდენად რჩებოდა. ასევე მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. დაე, ამ დღესასწაულებმა გააღრმაოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა, ერთად ვემსახუროთ მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ ბოძებულ შერიგებასა და იმედს," - აცხადებს ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტი, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენელი ბესარიონი.

 

დღის ამბები