19 ოქტომბერი 2026,   22:33
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი: მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს კონკრეტულ ტერიტორიებზე სოციალური პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდოს

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი, გაბრიელ ატალი ქვეყანაში მასშტაბური არეულობის დროს სოციალური ქსელების დროებით და შერჩევითად დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს კონკრეტულ ტერიტორიებზე სოციალური პლატფორმების ხელმისაწვდომობა შეზღუდოს.

Politico-ს ინფორმაციით, ატალმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართვას ძალადობრივ არეულობასა და მაროდიორობაში.

"სახლში მყოფი ახალგაზრდები ხედავენ, როგორ გადიან მათი მეგობრები ქუჩაში ძარცვისთვის და როგორ რჩებიან დაუსჯელები. ისინი ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში უყურებენ, შემდეგ კი თავადაც გადიან ქუჩაში", – განაცხადა გაბრიელ ატალმა.

მისივე თქმით, სოციალური ქსელების შეზღუდვა მხოლოდ დროებითი უნდა იყოს და გავრცელდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც არეულობა მიმდინარეობს.

ატალი ამჟამად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. მედიის ინფორმაციით, მისი წინადადების განხორციელებას, შესაძლოა, სამართლებრივი დაბრკოლებები შეექმნას.

2024 წელს, როდესაც ატალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ახალ კალედონიაში "ტიკ ტოკთან" წვდომა დაბლოკა. მოგვიანებით, საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უფლებებისა და თავისუფლებების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებდა. საბჭომ დაადგინა, რომ ინიციატივა არასრულწლოვანთა გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავდა.

Politico-ს ცნობით, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მსგავსი შეზღუდვები უფრო ხშირად გამოიყენება ჩინეთში, ირანსა და რუსეთში, ასევე, ინდოეთში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ამ ქვეყანაში გარკვეული პლატფორმები მუდმივად დაბლოკილია, ხოლო საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლება ზოგჯერ ინტერნეტზე წვდომასაც მთლიანად ზღუდავს.

დღის ამბები