“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მუდმივი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერაქციულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG-ში, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის შენობის ინსტალაციებს სპეციალური სტატია მიუძღვნა.
გამოცემის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობა უკრაინული განათების დიზაინისა და მედია-არტის სტუდიასთან Expolight-თან თანამშრომლობით, მიკოლა კაბლუკას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შენობა მუდმივი მედია-განათების სისტემით აღიჭურვა.
გამოცემა წერს, რომ მედია კონტენტი შეიქმნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ახალი იდენტობის გათვალისწინებით და სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ეფუძნება - ტექნოლოგიებს, კვლევას, ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული სისტემა რამდენიმე რეჟიმში მუშაობს: ყოველდღიურად ფასადზე ეროვნული სიმბოლოები და ტექნოლოგიური თემატიკის ვიზუალები ჩნდება, ასევე ტარდება სინათლისა და ხმის შოუ.
“ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,” - აღნიშნულია სტატიაში.