ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქია ადგილობრივი დროით ხუთშაბათს, საღამოს 10:30 საათზე დაფიქსირდა.
USGS-ის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ნაგჩუდან აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთით, 183 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ზიანისა და შესაძლო მსხვერპლის მასშტაბები ამ ეტაპზე უცნობია.
ჩინეთისთვის ძლიერი სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამ რეგიონში ხდება ევრაზიისა და ინდოეთის ტექტონიკური ფილების შეჯახება - პროცესი, რომელმაც ჰიმალაის მთათა სისტემა და ვრცელი ტიბეტის პლატო წარმოქმნა.
ბოლო მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ჩინეთში 2024 წლის იანვარში მოხდა, როდესაც ქვეყნის დასავლეთში, სინძიანის რეგიონის მთიან ნაწილში 7.1 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
იმ დროისათვის სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 2023 წლის დეკემბერში კი განსუს პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა.