აკრძალვის მიუხედავად, პარიზის ქუჩებში მოსწავლეები და სტუდენტები გამოვიდნენ. ახალგაზრდებმა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შეძახილებით გააპროტესტეს და მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდეს. მანიფესტაციის საპასუხოდ აქციაზე პოლიციის და ჟანდარმერიის ელიტარული სპეცდანაყოფები მობილიზდნენ.
მთავრობამ შაბათ-კვირას დაგეგმილი დემონსტრაციების შეზღუდვის გადაწყვეტილებაც მიიღო. ცნობილია, რომ პრეფექტურებმა სრულად აკრძალეს ყველა მანიფესტაცია ლიონში, ნიცაში, ტულონსა და ორლეანში, პარიზში კი სტუდენტური და სოციალური მოძრაობების - "ინტერფაკ ილ-დე-ფრანსის" და "ყვითელი ჟილეტების" ერთობლივი მარში გაუქმდა.
არეულობის შემდეგ, მთელი საფრანგეთის მასშტაბით 2 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ძალადობის საქმეებზე უკვე კონკრეტული განაჩენებიც გამოიტანეს. პროკურატურა საქმეებს დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებად განიხილავს.
საფრანგეთში მასობრივი პროტესტი ერთი თვის წინ სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს და განათლების სისტემის რეფორმა მოითხოვეს. დემონსტრანტებს მალევე შეუერთდნენ სტუდენტები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები. ქალაქების ქუჩებში შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.