უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი, რომლის მიზანიც ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
"ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ საკითხი ტერიტორიულ პრობლემას ეხება, ის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა საკითხები კი ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ამ ყველაფრის განხილვა ნოემბერშია შესაძლებელი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამივე მხარის მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ. მათი მიზანი გაჭიანურებული ომის შეჩერებაა.
ბოლო განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაძლიერებული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გაკეთდა.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, სამშაბათს, ოსლოში, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს, ხოლო ოთხშაბათს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
შეხვედრების შემდეგ, როგორც კიევმა, ისე მოსკოვმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები ვაშინგტონის შუამავლობით.
როგორც საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მოლაპარაკებების განახლებას 10 ნოემბრის შემდეგ. ეს განცხადება რუსეთის ლიდერისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება "კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ვაშინგტონის ინიციატივას, მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე განახლების შესახებ.
"დღის წესრიგი ნათელია: ომის დასრულება, მშვიდობის დამყარება და, რამდენადაც მე მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საჭირო საკითხების მომზადება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.