27 ოქტომბერი 2026,   14:10
ვრცლად
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ

"ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

მისივე თქმით, ისინი აღნიშნულ ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ.

"ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.

"ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები