27 ოქტომბერი 2026,   14:10
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ისრაელში - ქვეყნის მასშტაბით 12 000-ზე მეტი უბანია გახსნილი

ისრაელში 26-ე მოწვევის პარლამენტის, ქნესეთის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 12 000-ზე მეტი უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლება კი 7 000 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს, მათ შორის კენჭისყრისთვის უცხოეთიდან დაბრუნებულ 67 000-მდე ამომრჩეველს.

მედიის წინასწარი კვლევებით, 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 61 მანდატს გარანტირებულად ვერც ნეთანიაჰუს მმართველი პარტია და ვერც ოპოზიცია ვერ მიიღებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდება.

"ამ კენჭისყრას შევადარებდი პირველ არჩევნებს, რომელიც ქვეყნის შექმნიდან 7-8 თვეში ჩატარდა და ისრაელის დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი. ეს არჩევნები ეხება უსაფრთხოებას, ეკონომიკას, განათლებას, ტრანსპორტს, ხანდაზმულებს და კიდევ ბევრ სხვა საკითხს. თუმცა, მთავარი საკითხი ისრაელის სახელმწიფოს იდენტობაა - როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა არჩევნების მომდევნო დღეს და უახლოეს მომავალში", - აცხადებს ოპოზიციური პარტია "იაშარის" ლიდერი, გადი აიზენკოტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ბოლო სამ წელიწადში, მათი მმართველობის პირობებში, ისრაელმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია. 

"ისრაელის სახელმწიფოს ძლიერება ჩვენს ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თვითმფრინავებს, ტანკებს, დრონებს და დაზვერვას ერთი საერთო აქვს - ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ბრძოლის ველზე ბოლო წლებში მოპოვებულ ვერცერთ მასშტაბური გამარჯვებას ძლიერი ეკონომიკის გარეშე ვერ მივაღწევდით. ბოლო სამ წელიწადში, ჩვენი მმართველობის პირობებში, ისრაელმა უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია", - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები