27 ოქტომბერი 2026,   21:53
ვრცლად
სააკაშვილის განცხადება როინ შავაძეზე არის აღიარება, ეს არ არის წამოცდენა - ალუდა ღუდუშაური

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შავაძე მოღალატე იყო და ის 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც "მკვლელ სახელმწიფო მანქანას წარმოადგენდა", მომართული იყო, რომ ადამიანები სიცოცხლეს გამოესალმებინა.

"ეს არის აღიარება, ეს არ არის წამოცდენა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე მობრძანებული იყო მისი ოჯახის წევრი, მისი მეუღლე, დიდი იყო მის მიმართ, ასე ვთქვათ, წნეხი და მუქარები მაშინაც კი ხორციელდებოდა. ჩვენ მაშინ დავინახეთ მორიგ ჯერზე ის სისასტიკე, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. მკვლელი სახელმწიფო მანქანა მომართული იყო, რომ ადამიანები პირდაპირ სიცოცხლეს გამოესალმებინა. როგორ შეიძლება ადამიანი დღეს XXI საუკუნეში წაიყვანო ისეთი გაუგონარი სისასტიკით აწამო, დახვრიტო და აი, ამ დღეში ჩააგდო და ამით ტკბებოდნენ და ამით ეს ადამიანები ინარჩუნებდნენ, მათი აზრით, ხელისუფლებას. აი, ეს არის ბოროტება. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ადამიანებს არასოდეს არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმური საშუალება იმისა, რომ ამ ქვეყანაში აკეთონ პოლიტიკა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს, სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. 2020 წელს სტრასბურგმა საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

დღის ამბები