1 200 000 ლარი 75 ოჯახს - ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის აღნიშნული თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებასა და ადგილმონაცვლეობას მოხმარდება. გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.
მიმდინარე წელს, ამავე პროგრამით დახმარება უკვე მიიღო 600-ზე მეტმა ოჯახმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 7 700 000 ლარი გამოიყო.
"გაიმართა შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ხანძრისა და გეოლოგიური პროცესების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი. სულ ექვსივე მუნიციპალიტეტიდან შემოსული იყო 75 საკითხი, აქედან 15 ოჯახი იყო ხანძრის შედეგად დაზარალებული. საერთო თანხა, რომლითაც უნდა გაეწიოს მოსახლეობას დახმარება, შეადგენდა 1 183 000 ლარზე მეტი", - აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე.