28 ოქტომბერი 2026,   18:44
ვრცლად
ბრიტანული "კონტაქტ ვების" აღმასრულებელი დირექტორი: საქართველო ევროპაში BPO ოფისის გასახსნელად პერსპექტიული მიმართულებაა. ხელმისაწვდომია კვალიფიციური კადრები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც კომპანიებს მაღალი ხარისხის მომსახურების შესაძლებლობას აძლევს

"საქართველოს არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაა", - ამის შესახებ კომპანია "კონტაქტ ვების" აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ჰორნიმ განაცხადა. აღნიშნული კომპანია იმ 12 საერთაშორისო BPO კომპანიას შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო ხელშეწყობით საქართველოს სტუმრობენ და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს ადგილზე ეცნობიან. როგორც ტომ ჰორნი აცხადებს, კომპანიამ საქართველოში საქმიანობა ახლახან დაიწყო, რაშიც მათ ინვესტიციების სააგენტო დაეხმარა.

"ჩვენ თბილისში, საქართველოში საქმიანობა ახლახან დავიწყეთ. საქართველოს არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაა - მოტივირებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ჩვენი მზარდი კლიენტების საჭიროებებს უპასუხონ და საუკეთესო შედეგები უზრუნველყონ. ამას ემატება შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და დიდ ბრიტანეთთან მარტივი სატრანსპორტო კავშირი. შესაბამისად, საქართველოს არჩევის არაერთი მიზეზი გვქონდა. Invest in Georgia-ს გუნდმა თავიდანვე უდიდესი მხარდაჭერა გაგვიწია. ისინი აქტიურად გვეხმარებოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს საქმიანობის დასაწყებად ერთ-ერთ შესაძლო ლოკაციად განვიხილავდით. მოგვიანებით მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს როგორც ბიზნესის დაწყების, ისე ჩვენი მომსახურების ორგანიზების პროცესში", - აღნიშნა "კონტაქტ ვების" აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერა მოიცავდა კვალიფიციურ კადრებზე წვდომას, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, ინფრასტრუქტურასა და საოფისე სივრცეებთან დაკავშირებულ საკითხებს.

"გუნდი ჩვენთვის პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპაში BPO ოფისის გასახსნელად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. აქ ხელმისაწვდომია კვალიფიციური კადრები და განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც კომპანიებს მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. აქ საოცარი ადამიანები, უგემრიელესი საკვები და ძალიან საინტერესო, ცოცხალი ქალაქია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს ვმასპინძლობდით და თითოეული მათგანი აღფრთოვანებული დარჩა ქართული კულტურითა და ადამიანებით",- განაცხადა ტომ ჰორნიმ.

დღის ამბები