უკვე 4 საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არა კონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს, სასამართლო კოლეგია ახსნა-განმარტებით კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს უსმენს. სიტყვის უფლებით უკვე ისარგებლა მაია კოპალეიშვილმა და თენგიზ თევზაძემ. მათ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია წარადგინეს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე ისაუბრეს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, მოპასუხე ითხოვს სასამართლომ მის მიმართ სარჩელი სწორედ მისი საკუთარი და არა სხვების მიზნებისა და საქმიანობის მიხედვით შეაფასოს.
"სარჩელი არ ასაბუთებს მოპასუხისთვის მიკუთვნებულ არცერთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს ქმნის. რასაც ედავება, სხვების ქმედებების კოლექტიური მიკუთვნებაა. ორი ლიდერის ბიოგრაფია, ერთი განცხადების მინიშნება და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება. არჩევნების შედეგების პოლიტიკური არაღიარება, მანდატებზე უარი, ახალი არჩევნების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა და მკაცრი კრიტიკა, არცერთი მათგანი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველი არ არის და არცერთი მათგანის არაკონსტიტუციური ხასიათი და აკრძალვის საფუძველთან კავშირი არ არის დამტკიცებული. მოპასუხე ითხოვს სასამართლომ მის მიმართ სარჩელი სწორედ მისი საკუთარი და არა სხვების მიზნებისა და საქმიანობის მიხედვით შეაფასოს და დაადგინოს, რომ ასეთი მიზანი და საქმიანობა სარჩელში ნაჩვენები არ არის", - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.