კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მიერ გამართულ საჯარო ლექციაში "ნავიგაცია ინფორმაციის ეპოქაში: მედიაწიგნიერება, ონლაინ უსაფრთხოება და ჩრდილოეთ ევროპის გამოცდილება" (Navigating the Information Age: Media Literacy, Online Safety and the Nordic Experience) მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის პასუხისმგებლიანი მოხმარების ხელშეწყობას, ასევე დეზინფორმაციის, ონლაინ ძალადობისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კრიტიკული და პასუხისმგებლიანი აუდიტორიის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამის მენეჯერი და გენდერული პროგრამის ხელმძღვანელი მარიკა ქურდაძე და გოტენბურგის უნივერსიტეტის (შვედეთი) ჩრდილოეთ ევროპის მედიაკვლევების ცენტრის (Nordicom) თანადირექტორი, ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის, მედიისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების ალიანსის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონული ჯგუფის წევრი, დოქტორი მაარიტ იაკოლა (Maarit Jaakkola). მარიკა ქურდაძემ ტექნოლოგიების საშუალებით გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის რისკებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრა, ხოლო მაარიტ იაკოლამ სტუდენტებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით ფინეთისა და ჩრდილოეთ ევროპის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, რომ მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული UNESCO-ს საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მიზანია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა. კომუნიკაციების კომისია აღნიშნულ ინიციატივას წელს უკვე მეექვსედ შეუერთდა.