იღებს თუ არა ბრიუსელი პასუხისმგებლობას საფრანგეთსა და იტალიაში განვითარებულ ძალადობრივ აქციებზე - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" ევროკომისიისგან ამ დრომდე ელის. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული მასალების თანახმად, ევროკომისია და სოროსის ფონდები მილიონობით ევროთი აფინანსებდნენ არეულობებთან დაკავშირებულ 5 მსხვილ ორგანიზაციას. მათ შორის არიან საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედი ენჯეოები და პროფკავშირები. პოლონური, ესპანური და ბელგიური პრესის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებს ჯამში ევროკომისიისგან 8 მილიონი ევროს გრანტი აქვთ აღებული.
საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალებზე თბილისში მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
"თუ დადასტურდა, ეს კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის, იმიტომ, რომ რომელ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე შეიძლება ამ ხალხთან ისაუბრო და რომელ ევროპულ ღირებულებებზე შეიძლება ისაუბრო ადამიანებთან, თუკი ეს ადამიანები მართლაც მხილებულნი იქნებიან ამ არეულობებში?
ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია პარიზის ქუჩების გადაწვაზე, მილანში სხვადასხვა ობიექტების აღებაზე და იმ ძალადობრივი ჯგუფების, ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზებაზე, რა იმედი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რამეში დაეხმარება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაში ხელს შეუწყობს და რაღაცა ნათელ მომავალს შეგვიქმნის? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.