31 ოქტომბერი 2026,   11:43
ვრცლად
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ სამი პირი დააკავა

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ათეულობით მონაწილე მთავრობის მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის - ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შეჩერებას აპროტესტებდა, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ადგილზე 3 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სასამართლოს ღობე გაარღვია, სხვები კი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, რომელიც სენეგალში მიემგზავრებოდა, განაცხადა, რომ, შექმნილი ვითარების გამო, ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.

"ასეთ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. სენეგალში ვიზიტს ვწყვეტ. უკან ვბრუნდები", – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოები, მათ შორის, საკონსტიტუციო ტრიბუნალი, ბოლო პერიოდში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობასა და მთავარ ოპოზიციურ ძალას, ეროვნულ-კონსერვატიულ პარტია "კანონი და სამართლიანობას" (PiS) შორის.

პოლონეთში და ევროკავშირში კრიტიკოსები პარტია "კანონი და სამართლიანობას" (PiS), რომელიც ქვეყანას 2015-2023 წლებში მართავდა, სასამართლოს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო ტრიბუნალზე, პოლიტიკური კონტროლის დამყარებაში ადანაშაულებენ. PiS-ის მიერ გატარებული რეფორმების გამო, ევროკავშირმა პოლონეთს ფინანსური ჯარიმები დაუწესა.

დონალდ ტუსკის მთავრობა ხელისუფლებაში 2023 წელს მოვიდა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აღდგენის პირობა დადო.

თუმცა, მას შემდეგ ქვეყანაში ორი პრეზიდენტი შეიცვალა და, როგორც მედია წერს, მთავრობის მცდელობებს სწორედ PiS-თან დაახლოებული პრეზიდენტები აფერხებდნენ, ვეტოს უფლების გამოყენებით. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე გამოქვეყნდა. მალევე, ტრიბუნალის ვებგვერდი გაითიშა.

ბოგდან სვენჩკოვსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე PiS-ის მმართველობის პერიოდში გახდა. ტუსკი მას ადანაშაულებს იმაში, რომ პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს სასამართლოში თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას არ აძლევს.

"კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი ვალდებულებაა. PiS-ის მმართველობის პერიოდში, წლების განმავლობაში არსებული უკანონობის შემდეგ, ეს რთული პროცესია, ზოგჯერ მტკივნეულიც და გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს", - აღნიშნა ტუსკმა.

აგვისტოში, Campus Polska-ს ღონისძიებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალზე საუბრისას, ტუსკმა განაცხადა, რომ მის მთავრობას აქვს გეგმა, რომლის მიზანიც ტრიბუნალის კანონიერად დანიშნული მოსამართლეებით ხელახლა დაკომპლექტებაა. ამასთან, აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეული მეთოდები შესაძლოა ყველასთვის მისაღები არ იყოს.

დღის ამბები