ნაწამები და დატყვევებული სამხედროები - კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგივკაში დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი განცხადებით, აქ უკრაინელ სამხედროებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.
მოქალაქეების ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.
ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, მოქალაქეებმა კი მათი ავტობუსები დააზიანეს.
გვიან ღამით, ადგილზე მივიდნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი. მათი მტკიცებით, ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს. ჰქონდა თუ არა ადგილი სახლში წამების ფაქტებს, გამოძიება დაადგენს.
"ცუდად ვარ, მუცელი ძალიან მტკივა. მაქვს სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე", - ამბობს ვიდეომიმართვაში ერთ-ერთი სამხედრო.
ექიმი, ვალენტინა მოლოდა ამბობს, რომ სამხედროებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
"სარდაფებსა და ოთახებში ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი. ერთ მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა, ერთი ვერ ლაპარაკობდა და ვერ მოძრაობდა, ერთი კი 37 დღე ჰყავდათ დამწყვდეული. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ", - ამბობს ექიმი.
ადგილზე იმყოფებოდა გენერალ-ლეიტენანტი, კირილო ბუდანოვი.
"აქ იმის გასარკვევად მოვედი, რა ჯანდაბა ხდება? ასეთი შენობები ბევრია. დავიწყებთ გარკვევას, რატომ არსებობს ასეთი ობიექტები და რა ხდება შიგნით. ახლა ამ სახლში მძევლები აღარ არიან და გთხოვთ დაიშალოთ. გასარკვევია ისიც, რატომ ტოვებენ ჯარისკაცები თვითნებურად სამხედრო ნაწილებს", - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.