პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე და პატარა მოცეკვავის ახდენილი ოცნება - "ნიჭიერის" მეორე ეპიზოდის ერთ-ერთი აღმოჩენა მილი მაზონიაა.
9 წლის მონაწილემ "ნიჭიერის" სცენაზე, თავისი ცეკვით, მაყურებლის ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო, ჟიურის გული მოიგო და არჩილ სოლოღაშვილისგან ყველაზე მოულოდნელი აღიარება - "ოქროს" ღილაკიც დაიმსახურა. ასე დაიწყო პატარა მოცეკვავის დიდი თავგადასავალი ყველაზე სახალხო შოუს სცენაზე.
სწორედ ეს არის "ნიჭიერის" მთავარი ძალა - ყველას მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი წარმოაჩინოს, ოცნება აიხდინოს და ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.
მეგაშოუს სცენაზე მხოლოდ ნიჭი არ ფასდება. აქ ისეთი ემოციური ისტორიებიც იქმნება, რომელიც მაყურებლის მეხსიერებაში დიდხანს რჩება. სწორედ ასეთი აღმოჩნდა საბა ბერიაშვილის გამოსვლა. ის ჟიურისა და მაყურებლის წინაშე საკუთარ დისშვილებთან ერთად წარდგა. განსაკუთრებულ ნიჭს განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა, ემოციურ გამოსვლას კი, ემოციური ფინალი - პაატა გულიაშვილის "ოქროს" ღილაკმა მათ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
მაყურებელი ამ ეპიზოდში ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიებისა და სანახაობის მონაწილე გახდა. ნიჭიერ გამომსვლელებს შორის იყო საჰაერო ტანმოვარჯიშე და მსოფლიო ჩემპიონი - მარია ღლონტი, რომელმაც რთული და სარისკო მოძრაობები შეასრულა და ჯიქეის განსაკუთრებული შეფასებაც მოისმინა.
სცენაზე სანახაობა ამით არ დასრულებულა. ცირკის მსახიობმა ძმებმა საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის "ნიჭიერში" უკვე გამოცადეს და ჟიურის წევრებიც, ალბათ, ისე დააბნიეს, როგორც აქ. ძმების ნომერმა დარბაზში ხმაური, ჟიურის წევრებში კი არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
მაყურებელი კიდევ ერთხელ გახდა დაუვიწყარი ისტორიების, ემოციებისა და შთამბეჭდავი სანახაობის მონაწილე.
მთავარი ჯერ კიდევ წინ არის - ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის აღმოჩენა გრძელდება. გადაცემა "რუსთავი 2-ის" ეთერში, ყოველ სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე გავა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი