27 ნოემბერი 2026,   08:45
ვრცლად
"4 სახლი გადაფარულია მიწის საფარით, 17 ოჯახი გავიყვანეთ მშვიდობიან ადგილას, ველოდებით გეოლოგიურ დასკვნას" - რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაილაშში მომხდარ სტიქიაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მომხდარი სტიქიის შედეგად დანგრეულია 4 საცხოვრებელი სახლი. მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.

დაზარალებულ მოსახლეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან არსებულ ვითარებას და ხვდებიან მოსახლეობას.

"4 სახლი გადაფარულია მიწის საფარით, ჯამში 17 ოჯახი გავიყვანეთ მშვიდობიან ადგილას, სრულად დაცლილია სახლები. ველოდებით გეოლოგიურ დასკვნას, ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ.

მეწყრულ ზონაში იმყოფება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფიც. სპეციალისტები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას და აფასებენ მეწყრული პროცესებით გამოწვეულ საფრთხეებს.

"მოხდა ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება, მეწყრული სხეულის ფართობი ძალიან დიდი ზომისაა, ახლა მიმდინარეობს გეოლოგების მიერ შესწავლა უბნის და ძირითად შედეგებს სამომავლოდ მოგაწვდით", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთის გეოლოგიური სამსახურის უფროსმა დურმიშხან ჭელიძემ.

დღის ამბები