2012 წლიდან რელიგიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაშია ნათქვამი.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არსებულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა, რის გამოც რელიგიური კონფლიქტების დიდი ნაწილი, ამ დროისთვის დაკონსერვებულია.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ვითარება კვლავაც დაიძაბოს. რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე დღეს კონფერენცია გაიმართება, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკასაც შეაფასებენ.
„საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით დგომარეობა გაუარესებულია. რასაც მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები, ასევე იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის ზრდის ფაქტები ადასტურებს. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, კვლავ გადაუჭრელია,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.