06 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა დარეგისტრირდა, სადაც მოითხოვენ, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

უფრო კონკრეტულად კი, იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები სახელის გამტეხი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ან შეურაცხყოფისთვის სასჯელად  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გამასწორებელ სამუშაოებს ან 20 000 ლარამდე ჯარიმას მოითხოვენ. განმეორებით დანაშაულისას კი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმას.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი, შოთა ფაფიაშვილი, მიუთითებს, ორივე ქმედების დასჯადად გამოცხადების აუცილებლობა დასაბუთებულია ჟურნალ „იურისტის“ პირველ ნომერში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები უმაღლესი სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების მქონე ქართველი მეცნიერ-პრაქტიკოსი იურისტები არიან ჩართულნი.

ინიციატივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან, ეკუთვნის შოთა ფაფიაშვილს, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის, მამა. ლალი ფაფიაშვილი კი სასამართლოს პლენუმის წევრია. რუსთავი2-ის საკონსტიტუციო სარჩელები სწორედ მან  უნდა განიხილოს.

დღის ამბები