საქართველოს პირველმა ლედიმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სირიელი ბავშვების ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მაკა ჩიჩუა დაინტერესდა იმ ინფორმაციით, რომელსაც ორგანიზაციები სირიაში, კერძოდ ქალაქ ალეპოში დაზარალებული ბავშვების შესახებ ფლობენ და იმ საშუალებებით, რომლითაც მათთვის დახმარების გაწევაა შესაძლებელი.
მხარეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს არსებულ ვითარებაში და პირველ რიგში, რა სახის დახმარების გაწევა არის საჭირო დაზარალებულებისთვის.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ამ საკითხის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პირველ ლედისთან. ვიმსჯელეთ დახმარებაზე, რომელიც ალეპოს ტრაგედიისა და ზოგადად სირიის მოვლენების გამო სირიელ ბავშვებს ესაჭიროებათ. დევნილების კრიზისმა მთელი ევროპა მოიცვა. საქართველოს ლედიმ აღნიშნა, რომ ცდილობს, მოძებნოს მათი დახმარების გზები და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს მათი დახმარება შეუძლია,” - განაცხადა გაეროს კოორდინატორმა, ნილს სკოტმა.