06 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე იაკობს პატრიარქის დაცვის საკითხზე საუბრის საშუალება თავად პატრიარქმა არ მისცა

ჩრდილოვანი მმართველობა, რუხი კარდინალი საპატრიარქოში და პატრიარქის დაცვის გადაყენების საკითხი. ამ თემებზე კომანტარები სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთეს, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ, სინოდის წევრების განმარტებით, ამ საკითხებზე განხილვა არ ყოფილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, სულ 2 საკითხი განიხილეს, ესენია - იღუმენია თამარ მარჯანიშვილისა და იღუმენია ნინო ამილახვარის წმინდანად შერაცხვა. ასევე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც კრების დადგენილებაში გარკვეულ საკითხებს დაარეგულირებს. 

სინოდის წევრების განცხადებით, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქო მოგვიანებით გააკეთებს.

„ჩვენ ვართ კრებსითობა, კრებსითულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სწორედ ამით განვირჩევით. აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად უნდა გვქონდეს, მაგრამ კრებსითობა არის ის, რომ შევთანხმდებით, ვიმსჯელებთ და იმ აზრს ვეთანხმებით შემდეგ ყველანი,“ - განაცხადა წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, შეეცადა დღეს სხდომაზე დაეყენებინა პატრიარქის დაცვის საკითხის განხილვა, თუმცა პატრიარქმა მას სიტყვა აღარ გააგრძელებინა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები