ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობას პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან დაიწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულება აქვს, რომ ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გამო წვდომა გასაღებზე ე.წ. სუს-საც უნდა ჰქონდეს.
„დეკემბერში უკვე ჩავატარეთ კვლევა, სხვა ქვეყნების მოდელები ვნახეთ და ახლა სწორედ ამ მოდელებს ვამუშავებთ. იანვარში ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ინტენსიურად ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, რომ თებერვლისთვის ცვლილებები იყოს მზად, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვადა მარტამდე დააწესა. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის. სწორედ ამ შუალედში ვიქნებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროს,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.