ესპანეთის პოლიციამ ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ მორიგი ოპერაცია ჩაატარა. პოლიციის ინფორმაციით, საუბარია დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომელიც სახლების ძარცვითაა დაკავებული. მათ წინააღმდეგ სამართალდამცველები ოპერაციას სახელწოდებით Aikon, 2016 წლიდან ატარებენ.
ორი რეიდის განმავლობაში 61 ადამიანია დაკავებული და მათი უმეტესობა ქართველები არიან. ოპერაციის მეორე ეტაპი ესპანელმა ძალოვანებმა ევროპოლთან, ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს. პოლიციამ 26 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა და 33 ათასი ევრო, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით კონტრაბანდული თამბაქო და ძვირფასეულობა ამოიღეს.
გამოძიების ცნობით, ე.წ. ქართული მაფიის წევრებმა დანაშაულები მადრიდში, სევილიაში, მალაგასა და ესპანეთის სხვა რეგიონებში ჩაიდინეს.