ხელისუფლებამ დღეს აღიარა, რომ გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება რუსული ულტიმატუმის შედეგია. მთავრობის განმარტებით, მოთხოვნის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზპრომი სომხეთს გაზს ალტერნატიული გზით მიაწვდიდა.
ქვეყანა გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საქართველო წლევანდელ წელს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ, ნედლეულსაც და ფულად ანაზღაურებასაც მიიღებს.
საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ გაზპრომის პირობებს არა ერთხელ შეცვლის და ის საქართველოსთვის კიდევ უფრო წამგებიანი გახდება.
ნაციონალურ მოძრაობაში ენერგეტიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ხელისუფლებისგან განმარტებებს დღეს არასაპარლამენტო ოპიზიციაც ითხოვდა.
ოპონენტების ბრალდებებს ხელისუფლება გაუგებარს უწოდებს. მინისტრების ნაწილი გაზპრომის მოთხოვნებში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს და საბაზრო პრინციპებზე მიუთითებს.
გაზპრომის ახალ ხელშეკრულებაში ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასიც შეიცვლება. დეფიციტის შემთხვევაში, დამატებითი გაზის შესასყიდად 1000 კუბურ მეტრზე საქართველომ 185 დოლარი უნდა გადაიხადოს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი, შოთა დიმიტრიშვილი