პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ცერცვაძე უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრას ვიცე პოლკოვნიკის ადვოკატი, ცერცვაძის მეუღლე და უკრაინაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.
უკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ომბუდსმენი ქართველი სამხედროს საქმეს მონიტორინგს გაუწევს მანამდე, სანამ უკრაინის გენერალური პროკურატურა ოფიციალურად არ გააფორმებს დოკუმენტს, რომ არ აპირებს რუსეთის ფედერაციას გადასცეს გია ცერცვაძე.
„სახალხო დამცველს აინტერესებდა რა პირობებში ვიყავი, რა პირობები იყო იზოლატორში, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ ბოლომდე მონიტორინგს გავუწევთ საქმეს და აგვიხსნა მექანიზმები, რა პირობებშია შესაძლებელი დაიხუროს საქმე და რუსეთის ფედერაციის სავარაუდო მოქმედება. შეიძლება შეწყდეს გადაცემა და უარი ეთქვას, თუ პიროვნებას ემუქრება წამება ან შეიძლება სიკვდილით დასჯა და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველი გია ცერცვაძის საქმისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
უკლება ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატს მუდმივი კავშირი ექნება გია ცერცვაძის ადვოკატთან.
„გამოძიება გრძელდება, მადლობა ღმერთს გია ცერცვაძე თავისუფალია, მაგრამ პროცესი მიდის,იურიდიული მხარე აქვს ამას. ამიტომ, უკრაინის მხარემ უნდა გაატაროს ყველა ის პროცედურა, რომ ექსტრადიციის პროცედურა დასრულდეს და მთლიანად რა საერთაშორისო ვალდებულებებიც აქვს უკრაინას, ის შეასრულოს. მონიტორინგს განახორციელებენ, ექნებათ კავშირი მუდმივი ადვოკატთან,“ - განაცხადა მიხეილ უკლებამ.
სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გია ცერცვაძე და მისი ადვოკატები წავიდნენ საადვოკატო ოფისში, სადაც იმართება კონსულტაციები იმ იურიდიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლის გატარებაც იგეგმება. მათ შორისაა მოლაპარაკებები უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ინტერპოლთან.
ავტორი: ნოდარ მელაძე