06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
დამწვარი "ბავშვთა სამყარო" - ხანძრის ახალ კერებს ამ დრომდე აქრობენ

ბავშვთა სამყაროს დამწვარ შენობაში ცეცხლის ახალი კერა საღამოს ექვს საათზე გაჩნდა. რამდენიმე საათით ადრე კი ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შენობის ნგრევის საფრთხე არსებობდა.

13 ათას კვადრატულ მეტრზე ცეცხლი სავარაუდოდ ღამის ორ საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში კი პირველი შეტყობინება დაგვიანებით შევიდა. ადგილზე 31 სახანძრო სამაშველო ბრიგადა და 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ერთ-ერთმა მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დაზარალებულები დღეს მთელი დღის განმავლობაში შენობაში შესვლას ითხოვდნენ. პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევდა, რადგან დღის განმავლობაში დამწვარი შენობა ინგრეოდა.

დაზარალებულებთან დილით დედაქალაქის მერიც მივიდა, მან მომხდარზე პასუხისმგებლობა შენობის ადმინისტრაციას დააკისრა. ამ განცხადებას ოპოზიციამ უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაზარალებულებზე უნდა იზრუნოს.

დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ დაზარალებულებს ბანკებთან და საფინანსო კომპანიებთან უშუამდგომლებენ, რომ კრედიტების დროებით გადავადება მოხდეს.

დაზარალებულთა ნაწილი თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის, გიორგი ბაგრატიონის მამის, მუხრან ბაგრატიონის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, ოქროს ბირჟის მიმდებარედ ახალაშენებული ოქროს კიდობნის მფლობელი, მუხრან ბაგრატიონი, ბავშვთა სამყაროს მევაჭრეებს ემუქრებოდა და მის შენობაში გადასვლას სთხოვდა. ბრალდებას უარყოფს მუხრან ბაგრატიონის შვილი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია როდის და რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება, გადაურჩა თუ არა სეიფებში დაცული ოქრო ცეცხლს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები