18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
დეპუტატები საქართველოსთვის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვას დადებითად აფასებენ

საქართველოს ხელისუფლებისთვის ჯაველინის ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვას პარლამენტში გამოეხმაურნენ. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე უმცირესობა.  

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად გამოხატა საქართველოს მიმართ ნდობა.

„საერთო ჯამში ეს მოხმარდება მშვიდობას, უსაფრთხოებას. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური  თავდაცვითი საშუალება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველ გუნდს ეთანხმება ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა შეერთებულმა შტატებმა.

„მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაში დახმარებისა, დაიწყო 2011 წელს საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ნაბიჯ- ნაბიჯ და ეს კომპონენტი ანტისატანკო კომპონენტი იყო თავიდანვე მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მკვეთრად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ქვეყნის შესაძლებლობას, დაიცვას მისი ინტერესები.

„ეს მნიშვნელოვნად მკვეთრად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ უნარს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და გავხდეთ ასევე ნატოს წევრები, რადგან იმ პოტენციალის სახელმწიფო, რომელიც ასეთ შესაძლებლობებს ფლობს, ბუნებრივია, ნატოსაც სჭირდება. მეორეს მხრივ, ეს არის გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების ყველას მიმართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს თავის მეგობრებს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ. 

შეერთებული შტატები საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის სარაკეტო სისტემებსა და დანადგარებს მიყიდის. საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარზე და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

მოთხოვნით ვაშინგტონს ქართულმა მხარემ მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი იარაღის სავარაუდო მიყიდვის შესახებ კონგრესს აცნობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები