02 მაისი 2024,   06:14
ვრცლად
"მზად ვართ, პრეზიდენტს ვესაუბროთ... შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია" - საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა ასევე მიუთითებს, რომ შერეულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ექნება დამატებითი კითხვები, შესაძლოა, მსჯელობა სხვა ფორმატშიც გაგრძელდეს.

„მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე.

მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პასუხში.

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის მიღება მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა. ახალი კანონპროექტი ბიუჯეტიდან 52 მილიონით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლებას ანიჭებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები