27 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ორდღიანი ხმაურიანი აქციების შემდეგ სამოქალაქო სექტორი შს მინისტრს შეხვდება 

რუსთაველის გამზირიდან მოლაპარაკებათა მაგიდასთან - ორდღიანი ხმაურიანი აქციების შემდეგ მოძრაობა "თეთრი ხმაური" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებიან. გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები ზუსტად 10:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეები შეხვედრაზე მოთხოვნებით მივლენ - თუმცა უკვე წინასწარ არის ცნობილი ის საკითხები, რაზეც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს გეგმავს.

"მნიშვნელოვანია, რომ მან ბოდიში მოუხადა აქ შეკრებილ საზოგადოებას. ეს გზავნილი უნდა იყოს პოლიტიკური გუნდისთვის, რომ ეს არის რეალურად სწორი პასუხი. მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება. ერთი რომ მოხდება დეტალურად შესწავლა 12 მაისის მოვლენების და ყველა პასუხისმგებელი პირი ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია იქნება დასჯილი, რაც მთავარია მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს დღეებში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით,“-განაცხადა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებთან ერთად აპირებს განიხილოს პარასკევს თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები. ასევე იმსჯელებენ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის რეფორმირებაზე.

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრთან ერთად იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც. კახა კალაძემ პრობლემების მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენს და ხალხს შორის, ჩვენს და ახალგაზრდებს შორის არასდროს ყოფილა კედელი და ვერავინ და ვერაფერი ვერ აღმართავს ამ კედელს. ჩვენ ვართ ძალიან უშუალო ადამიანები, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან მოსახლეობასთან. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა, რომ პრობლემები, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით, იყოს ზოგადად მოგვარებული. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი თაობა, ახალგაზრდები, ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები