18 ივლისი 2019,   20:11
ვრცლად
სახელმწიფო მდივანი - ახალი პოსტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში

„ქართული ოცნების" გუნდი, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღებას გეგმავს. მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს თანამდებობა არ იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტის ზუსტი ანალოგი.

როგორც ცნობილი ხდება, „ქართულ ოცნებაში“ სურთ, რომ აღმასრულებლ ხელისუფლებაში რამდენიმე სახელმწიფო მდივანი იყოს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

„იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, როგორც სამინისტროების დასახელებებთან დაკავშირებით, ასევე ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტს, რომელიც შეიძლება, გახდეს ახალი ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებული. სახელმწიფო მდივანი შემდეგი ეტაპის რეფორმად იგულისხმება. იგულისხმება სამინისტროებში მინისტრი დარჩეს პოლიტიკურ ფიგურად და მის ქვემოთ იყოს სახელმწიფო მინისტრი, შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა მიმართულებით, გამოითქვა აზრი, რომ გვყავდეს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მოსაზრებების დონეზე,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე, მინისტრები და ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

შიდა კონსულტაციების მთავარი მიზანი საკადრო და სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაა. პრემიერ-მინისტრი დეპუტატებთან მთავრობის მომავალ სტრუქტურასაც შეათანხმებს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია, რომ 14-დან 11 სამინისტრო დარჩება.

„ახლა ვართ კონსულტაციების რეჟიმში, რამდენიმე ვერსია განიხილება, გუშინ შევიკრიბეთ, დღეს კიდევ ერთხელ ვიკრიბებით იმისთვის, რომ საბოლოო ჩამოვყალიბდეთ, იმიტომ, რომ გუშინ კონკრეტულ საკითხებზე ვერ ჩამოყალიბდით. არსებობს განსხვავებული მოსაზრება გუნდის წევრებს შორის და დღეს, ალბათ, იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ კონსულტაციები კიდევ გაგრძელდეს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

დღის ამბები