26 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე ზვიად ფხაკაძისა და კახა სირაძის დაკავებას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საქმის პროკურორისა და გამომძიებლის გამოკითხვაზე საუბრობს. 

როგორც სარალიძე აცხადებს, გუშინდელი გამოკითხვის დროს ნათელი გახდა, რომ პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მკვლელობის საქმეში დეტალებს მალავდნენ. ამის გამო სარალიძე ზვიად ფხაკაძისა და კახა სირაძის დაკავებას ითხოვს.

რაც შეეხება შს მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ წულუკიანსა და გახარიასთან შეხვედრას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ისინი თანამდებობაზე დარჩებოდნენ.

განცხადება ზაზა სარალიძემ პანკისში გააკეთა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, პანკისის ხეობაში იმყოფებიან.

ისინი სოფელ დუისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან. 

მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომ სამოქმედო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მხარეები დღესვე შეთანხმდებიან, რა ფორმით და რესურსით გააგრძელებენ მოქმედებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მათ ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით 26 დეკემბრის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციისას სროლა განხორციელდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები