20 ოქტომბერი 2019,   06:03
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მეუღლე გიორგი ჭანტურიას უმკაცრესად დასჯას ითხოვს

ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული გენერალ ქუთათელაძის მეუღლე სამართალდამცავებს მადლობას უხდის. მეგი სირბილაძე ამბობს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა. მისივე განცხადებით, ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურია იყო, რადგან სიმონ ქუთათელაძეს კონფლიქტი სხვა პირთან არ ჰქონია.

მეგი სირბილაძე ასევე განმარტავს, რომ მის მეუღლესა და დაკავებულ ჭანტურიას შორის დავა რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ის ბიზნესწილებს უკავშირდებოდა.

„ისედაც ვიცოდით ჩვენ, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო და ამის საფუძველიც გვქონდა, რადგან მასსა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ფინანსური უთანხმოება. და სწორედ ეს ფინანსური უთანხმოება იყო ამ მკვლელობის მოტივიც. საკმაოდ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ჩემს მეუღლეს არანაირი კონფლიქტი სხვა პირებთან არ ჰქონია და საერთოდ იყო უკონფლიქტო პიროვნება. ამით მე პასუხს ვაძლევ დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებას, რომ თითქოს და ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი,“-განაცხადა მეგი სირბილაძემ. 

ის სასამართლო პროცესების ობიექტურად ჩატარების და გიორგი ჭანტურიას უმკაცრესად დაისჯის იმედს გამოთქვამს. 

გენერალი ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ გიორგი ჭანტურია დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია დაკითხვაზე იმყოფება გიორგი ჭანტურიას მეუღლე. დაკითხვაზეა დაბარებული ჭანტურიას ძმაც. 

დღის ამბები