27 აპრილი 2024,   03:17
ვრცლად
პარლამენტი იანვრიდან ფუნქციონირებას თბილისში გააგრძელებს - მმართველი გუნდის არგუმენტები ოპოზიციისთვის მიუღებელია

პარლამენტი იანვრიდან ფუნქციონირებას თბილისში გააგრძელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის წევრებმა გუშინ მიიღეს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის თბილისში ფუნქციონირება გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე ეს ქუთაისშია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა პარლამენტის ქუთაისში არსებობის გამო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აღნიშნავს, რომ პარლამენტის ორ შენობაში მუშაობა ინსტიტუციურ პრობლემას ქმნის.

„საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც მე რეგლამენტი გამომქონდა კომიტეტებზე, არ ყოფილა არცერთი კომიტეტი, სადაც თითქმის ყველა პარლამენტის წევრი, რომელიც ესწრებოდა, ცალსახად არ აფიქსირებდა იმ პოზიციას, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს ერთ ქალაქში, ერთ შენობაში, რაც არის, ბუნებრივია, სწორი,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მმართველი გუნდის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის.

მათი თქმით, მძიმე ეკონომიკური ფონია ქვეყანაში, მათ შორის, ქუთაისშიც და პარლამენტის მთლიანად თბილისში გადმოტანა კიდევ უფრო გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში ამყოფებს ქუთაისელებს.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი, აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება არამიზნობრივ ხარჯს არ წარმოადგენდა.

„პარლამენტის ასე, ერთი ხელის მოსმით, მთლიანად აქედან წაღება იქნება, რა თქმა უნდა, უკან გადადგმული ნაბიჯი და რეგიონის მნიშვნელობის დაკნინება,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

77 მომხრე და 1 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა რეგლამენტის პროექტის კენჭისყრა, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტი აღარ იარსებებს.

დღის ამბები