26 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
"ლარი უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს," - ეკონომისტები ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ

არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 72 თეთრია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 2018 წელს ასეთი გაუფასურებული ჯერ არ ყოფილა. ექსპერტები უკვე აანონსებენ, რომ ლარის გაუფასურებას უახლოეს მომავალში ფასების ზრდის ახალი ტალღა მოჰყვება. გაძვირდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის. ექსპერტები ისევ ღიად აკრიტიკებენ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და არასაიმედო პროგნოზებს აკეთებენ.

„მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურების, ჩვენ ამას მივაწერთ ბიუჯეტიდან არათანაბარ ხარჯვას. ასევე რეფინანსირების სესხების უკონტროლოდ გამოშვებას ეროვნული ბანკის მხრიდან. მაგრამ ბოლო პერიოდში, ახლა რაც ხდება არჩევნების მეორე ტურში გადავედით, ის უკვე მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს და ცდილობენ რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად დაიჭირონ ლარი. აპირებს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაგრამ ეს ხარჯების შემცირება მოსახლეობაში ფულის არასაკმარის რაოდენობას გამოიწვევს და გამოიწვევს ისევ გაჭირვებული ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესებას,“-განაცხადა "საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მთავრობა მთელი 6 წლის განმავლობაში ზრდის გადასახადებს და არ ამცირებს დეფიციტს და ვალებს.

„ფაქტი ერთია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გამოსწორდეს წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთესობას არ უნდა ველოდოთ. თუ ეკონომიკური პოლიტიკა გამოსწორდება ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსია იმისი, რომ ლარი არ გაუფასურდეს არა თუ გამყარდეს,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

  

დღის ამბები