21 აპრილი 2019,   17:24
ვრცლად
სკანდალური სია განხილვას აღარ ექვემდებარება - მოსამართლეებმა თვითაცილება მოითხოვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათმა მსურველმა კანდიდატურები ხმაურიანი აქციების და მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირების შემდეგ დღის ბოლოს მოხსნა. კოლექტიური განცხადებით მათ საქართველოს პარლამენტს მიმართეს და მოითხოვეს, დეპუტატებმა მათი საკითხი აღარ განიხილონ.

მოსამართლეობის კანდიდატების თვითაცილებას წინ უფლებადამცველთა აქცია უძღოდა. "მცირე გამარჯვება, თუმცა არა საკმარისი" - ასე აფასებს მესამე სექტორი კანდიდატების გადაწყვეტილებას.

ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის საბჭოს ახალ მოთხოვნას უყენებენ და საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას მოითხოვენ, ვინც სკანდალური სიის პარლამენტში გადაგზავნას მხარი დაუჭირა.

არასამთავრობო სექტორი მოთხოვნებს ძალაში ტოვებს. ისინი მიიჩნევენ, რომ საბჭოს ის მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, რომელთაც მიხეილ ჩინჩალაძე და კიდევ 9 მოსამართლე საკუთარ რჩეულებად დაასახელეს, სისტემიდან უნდა წავიდნენ. ერთობლივ 4-პუნქტიან მანიფესტს ხელი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დემონსტრაციულად მოაწერეს.

როგორც ირკვევა, პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას გაიზიარებს და სიის განხილვა არ მოხდება. ამის შესახებ დღის ბოლოს განცხადებები მმართველი პარტიის იმ წევრებმა გააკეთეს, რომლებმაც შექმნილ ვითარებასა და პოლიტიკურ სპეკულაციებში საკუთარი თანაგუნდელები ღიად კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი ბრძოლა წინ არის. პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, ახლა მთავარია რას ჩაწერს პარლამენტი კანონმდებლობაში და მოხვდებიან თუ არა კვლავაც სადავო გვარები ახალ სიაში.

დღის ამბები