02 მაისი 2024,   10:21
ვრცლად
ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში - ევროპარლამენტარები არჩევნებით იმედგაცრუებულები არიან

სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ოფიციალურად ხვალ დაიწყება. დღეს კი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე მსჯელობდნენ. ერთ-ერთმა დეპუტატმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს იმედგაცრუებაც კი უწოდა.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ამ დრომდე არ არის გაცემული პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასა და 600 ათასამდე ადამიანისთვის ვალების ჩამოწერას შეეხება.

„მედიალანდშაფტი მეორე ტურში უფრო პოლარიზებული იყო. დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების უმაღლესი პირების სიტყვიერი თავდასხმის და მუქარის სამიზნეები გახდნენ. საარჩევნო პროცესის გარკვეული კუთხით გაუმჯობესების მიუხედავად, კამპანიის დაფინანსება 2016 წლის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა. რესურსები არ იყო დაბალანსებული. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა უფრო მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად. გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი. ყველაზე შესამჩნევი და გამოკვეთილი საკითხი იყო მეორე ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან ასოცირებული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 600 ათასი კაცისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ. ეს იყო ხმების მასშტაბური მოსყიდვა. არჩევნების დღეს იყო დაშინების შემთხვევებიც კოორდინატორების მხრიდან და ასევე სახეზე იყო მმართველი პარტიის მასობრივი კამპანია ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით და სატელეფონო ზარების განხორციელებით,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, იოახიმ ზელერმა.

ევროპარლამენტარების შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებულმა თავდასხმებმაც გამოიწვია.

„საქართველო ბოლო ათი წელია, საკმაოდ ბევრს მუშაობდა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნის და დემოკრატიის ჩემპიონის ტიტული მიეღო, მაგრამ ბოლო კამპანიამ აჩვენა, რომ ნეგატიური იყო უხეში თავდასხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ინციდენტები არ იყო ზოგადი ხასიათის და უნდა ითქვას, რომ კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფალი კამპანიის ჩატარება, მაგრამ აქაც გამოვლინდა ნეგატიური ხაზი, რამაც ჩემი შეშფოთება გამოიწვია. 29 მარტს გაიმართება ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების შეხვედრა და პირადად ვუზრუნველყოფ, რომ ეს საკითხები დავაყენოთ კოლეგებთან. გარდა ამისა, ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობს ევროპარლამენტს და ის ხვალ აქ იქნება,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, საჯიდ კარიმიმ.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ ევროპარლამენტარებს შეხვდება, ვინც დღეს ღიად დააფიქსირა არჩევნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.

„იმედგაცრუებულები ვართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. კარგი შესაძლებლობა იქნება თუ მის ვიზიტს გამოვიყენებთ და განვიხილავთ ამ საკითხებს, როგორც საქართველოს მეგობრები,“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რებეკა ჰარმსმა.

  

დღის ამბები