06 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
პროტესტი ილიას უნივერსიტეტში -  სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა მოითხოვონ

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან - მათი თქმით, დღემდე უცნობია, აღდგება თუ არა ბიზნესსკოლა ცალკე ფაკულტეტად და დაბრუნდება თუ არა დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე.

ისინი არ ეთანხმებიან სასწავლებელში განხორციელებულ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ბიზნეს სკოლა გაუქმდა და ის ახალი ფაკულტეტის მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების შემადგენელი ნაწილი გახდა. სტუდენტებმა ილიაუნის ლექტორთან გუშინდელი უშედეგო შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე უნივერსიტეტში გაათენეს და ამ დრომდე იქ რჩებიან.

"გუშინ საღამოს გვეგონა მივაღწიეთ იმას, რომ დღის პირველ ნახევარში აკადემიურ საბჭოსთან შედგებოდა შეხვედრა და განიხილებოდა ეს რეფორმა, მაგრამ დღეს, როდესაც ბატონი გიგა მოვიდა უნივერსიტეტში და ჩვენ იგივე კითხვა დავუსვით გვითხრა, რომ ეს ასე დროულად ვერ მოხერხდება.

"ამის შემდეგ მე მასთან მქონდა პირადი საუბარი და ჩემი აზრით აშკარაა, რომ ის არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. ამბობს, რომ აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას,თუმცა ის ცალსახად აფიქსირებდა, რომ ბიზნესის სკოლა უნდა იყოს ახალი ფაკულტეტის ნაწილი და არ უნდა იყოს ცალკე ერთეული,“-ამბობს ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული სალომე სალომე გოჩოლეიშვილი.

სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ მათ აქციები გააგრძელონ. როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გიგი ნოზაძე ამბობს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაძლოა, ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დააყენონ.

ილიაუნის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ მათ სტუდენტებს არაერთხელ განუმარტეს, რომ გადაწყვეტილებები მათ საწინააღმდეგოდ არავის მიუღია.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც სტუდენტებს განუმარტავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის სასარგებლოა.

„დიდი იმედი მაქვს საერთო ენის პოვნას და მათ დარწმუნებას შევძლებთ, რომ ეს კი არ ხდება მათთვის საზარალოდ, არამედ პირიქით, მათთვის სასარგებლოდ. მათ გუშინაც განვუმარტეთ, მეც განვუმარტე, ბატონმა გიგამაც განუმარტა, რომ უნივერსიტეტს არ აქვს შეზღუდული უფლება ჩაატაროს რეფორმა,“-ამბობს ნინო დობორჯგინიძე.

დღის ამბები