27 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
თქვენი მხრიდან ისმის მარტო შეურაცხყოფა, - ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე და "შაბათის კურიერის" სიუჟეტის გამო მომხდარი დაპირისპირება

მოსამართლეების ქონების შესახებ "შაბათის კურიერის" მიერ მომზადებული რეპორტაჟი იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა იყო. თავად სხდომა საკმაოდ ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა. საბჭოს მოსამართლე წევრები მათ არამოსამართლე კოლეგებს პირდაპირ თავს დაესხნენ, იმის გამო, რომ არამოსამართლე წევრებს გაუჩნდათ კითხვები მათი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარებაც მოითხოვეს.

„ამ სიუჟეტის საფუძველზე გუშინ საზოგადოებამ და ჩვენც იხილა საბჭოს წევრთა უპასუხისმგებლო შეფასებები. ერთი მათგანი აცხადებს რომ სასამართლო ხელისუფლება არის გახრწნის პირას და რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლეთა ქონება ხომ არ არის შეძენილი უკანონო გზებით და მეორე წევრი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია იგივე საკითხის გამოსაძიებლად. მე მაინტერესებს საბჭოს ამ სხდომაზე საბჭოს ამ წევრებისგან მოვისმინო განმარტებები  პირველი: ეთიკური ვალდებულებები ეკისრებათ თუ არა მათ და თუ ეკისრებათ, რატომ არ იცავენ? საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე აქვთ თუ არა გაცნობიერებული რა ვალდებულება აქვთ სასამართლო ხელისუფლების მიმართ? არიან თუ არა ვალდებულები იზრუნონ სასამართლოს პრესტიჟის დაცვაზე და არა მის დისკრედიტაციაზე,“-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა და აღნიშნა, რომ კონკრეტული მოსამართლეების დისკრიმინაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

პრეტენზია საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს თამარ ალანიასაც ჰქონდა.  მან ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

„რაც თქვენ მობრძანდით იუსტიციის საბჭოში მე თქვენგან არ გამიგონია არც ერთი ინიციატივა მოსამართლის გაძლიერების თაობაზე. თქვენ გაქვთ მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები, თქვენი მხრიდან ისმის მარტო  შეურაცხყოფა,“-მიმართა ნაზი ჯანეზაშვილს თამარ ალანიამ და აღნიშნა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრი საზოგადოებას ჭორების დონეზე ელაპარაკება.

კოლეგებს უპასუხა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე  წევრმა. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით ის არ არს ვალდებული ვინმეს ანგარიში ჩააბაროს.

„თქვენ ალბათ სხვაგან ხართ მიჩვეული ასე ყვირილს. ნუ შემოგაქვთ არეულობა. შოუ ნომერი სამი და ამხანაგური სასამართლო პროცესი. ალბათ შემდეგ განაჩენს გამოიტანთ. მე მიმაჩნია რომ დიახ, ამ საკითხზე, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა უნდა ჩატარდეს გამოძიება. მიმაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. სხვა რა პრეტენზიები გაქვთ მითხარით,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის ამ განცხადებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ უპასუხა. მერაბ გაბინაშვილის თქმით ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებები არასდროს არ არის არგუმენტირებული. მისი თქმით ნაზი ჯანეზაშვილი ზერელე განცხადებებს აკეთებს. მან ასევე ჟურნალისტიკის ეთიკის დარღვევად შეაფასა რეპორტაჟი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა.

„იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს მოამზადეს ვაი ჟურნალისტები ვუწოდოთ. მე მათ ვუსურვებდი რომ უფრო მეტი  პროფესიონალიზმით ამზადებდნენ სიუჟეტებს. ეს არის უხეში დარღვევა,“-განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა და აღნიშნა, რომ რეპორტაჟი იყო პირდაპირ კორუფციაში ბრალდება.

მერაბ გაბინაშვილის კრიტიკას "რუსთავი 2"-ის მისამართით  არ იზიარებს ანა დოლიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე  წევრი აცხადებს, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია.

„მე როგორც ერთ-ერთმა მაყურებელმა, მეც შევშფოთდი ამ სიუჟეტით ვინაიდან სიუჟეტში იყო მიმოხილული არაერთი მოსამართლის ქონებრივი ვითარება, რომელიც  ვთქვათ რბილად, საშუალო საჯარო მოხელის მდგომარეობაზე უკეთ ჩანდა. მსგავსი სიუჟეტი რომ მომზადებულიყო  ნებისმერი სხვა სფეროზე, რომელიც ეხება სახლემწიფოს, სახელწმიფოს მაღალი თანამდებობის პირებს და რომელიც დატოვებდა კორუფციული დანაშაულის სისტემურობის ხასიათს, ეს ჯდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლში, რომელიც ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები