06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები - "შაბათის კურიერის" კამერამ ფეშენებელური სახლები გადაიღო

შაბათის კურიერმა გარკვია, რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით ათასობით ადამიანისთვის განაჩენი გამოაქვთ. ყველაზე მეტად გავლენიან მოსამართლეებს ვაკე და ვერა ხიბლავთ. 

საგურამოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სახლი ოფიციალურად მიხეილ ჩინჩალაძის დედაზეა გაფორმებული. თეთრი სახლი, მუქი ფერის სახურავით, 1500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. კურიერის აეროგადაღების კამერიდან კარგად ჩანს სახლის წინ გამწვანებული ეზო დეკორატიული მცენარეებით და დიდი აუზით, რომელშიც წყალი ჯერ არ ასხია.

მოსამართლე ჩინჩალაძის ოჯახმა თავდაპირველად საგურამოში 1500 კვადრატული მეტრი მიწა იყიდა. მოგვიანებით კი გვერდით მდებარე 500 კვადრატულმეტრიანი ნაკვეთიც მიიერთა.

ჩინჩალაძის ოჯახის აპარატამენტებს რამდენიმემეტრიანი თეთრი გალავანი აქვს შემოვლებული, მაღალი ლითონის კარით და განათებებით. გალავნის კუთხეში ერთი დამხმარე ნაგებობაა. მანქანით ეზოში შესული პირდაპირ ავტოფარეხში ხვდები. ბრიტანული არქიტექტურის გავლენით ჩინჩალაძის ოჯახმა სახლის მშენებლობა გასულ წელს დაასრულა.

საგურამოს სახლი მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება არ არის. მოსამართლის მამიდის სახელზეა გაფორმებული ბინები ვერაზე, ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახი ორი ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ ძვირადღირებული ბინები ჩინჩალაძის საკუთრებაა, თუმცა, ქონების დამალვის მიზნით, ის დედის და მამიდის სახელზეა რეგისტრირებული. 

ერთ-ერთი კორპუსის ბოლო ორ სართულს ჩინჩალაძე ლევან მურუსიძესთან იყოფს. ბინა ნომერი 16 ჩინჩალაძის საკუთრებაა, 17 მურუსიძის, 18 კი ისევ ჩინჩალაძის. სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე, ქონებას მხოლოდ ვერაზე არ ფლობს. 1000 კვადრატულ მეტრ მიწაზე ის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ორსართულიან სახლს იშენებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ გაბინაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტში, წითელსოფელში, არაგვის პირას მდებარე აგარაკის მფლობელია. საცხოვრებელი სახლი 3-სართულიანია. აივნები და ხედი მდინარე არაგვის ხეობაზე იშლება. მთებით გარშემორტყმულ სივრცეში თეთრი სახლი გამორჩეულია. წითელუბანი პრესტიჟულ სააგარაკე დასახლებად ითვლება.

მოსამართლე გაბინაშვილს კიდევ ერთი საცხოვრებელი აქვს თბილისშიც. ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც 130 კვადრატულია, 2011 წელს 75 თას დოლარად შეიძინა და 100%-იანი წილის მფლობელია.

იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრსა და მოსამართლე რევაზ ნადარაიას ორსართულიანი სახლი აქვს სოფელ დიღომში. ნადარაიას აპარტამენტები სხვა მოსამართლეებისგან სრულიად განსხვავებულია. თეთრი სახლს დიდი ვიტრაჟები აქვს, ფასადი ქართული აგურით არის მოპირკეთებული. ნახაზებიდან ჩანს, რომ სახლს აქვს რამდენიმე საძინებელი, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი კი პირველ სართულზეა, რომელიც მეორე სართულს შიდა კიბით უკავშირდება. მოსამართლე ნადარაიას სახლის ნულოვან სართულზე აქვს ავტოფარეხი, მარანი და სათავსო.

სახლის აშენება და რემონტი, რომელიც ჯამში 330 კვადრატულია, ორი წლის წინ 100 ათასი დოლარი დაუჯდა. მიწის ნაკვეთი კი მოსამართლემ რამდენიმე წლით ადრე 32 700 დოლარად იყიდა.

მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი, ვასილ მშვენიერაძე, კერძო საცხოვრებელს ლისის მწვანე უბანში იშენებს. პირველ სართულზე იქნება მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილებით, მეორე სართულზე კი - რამდენიმე საძინებელი განთავსდება. მოსამართლე მშვენიერაძემ 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2013 წელს 37 ათას ლარად იყიდა.

დეკლარაციის მიხედვით, მშვენიერაძეს ასევე აქვს თბილისის ცენტრში, ვაკეში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი ბინა - 45 და 92 კვადრატული მეტრის ფართობის და ბინა საბურთალოზე, რომელიც მისი ცოლის სახელზე ირიცხება და მასში რამდენიმე წლის წინ 80 ათასი დოლარი გადაიხადეს.

ვასილ მშვენიერაძის გარდა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა არჩევანი მოსამართლემ და იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, თამარ ალანიამაც. მან 3 წლის წინ სოფელ თხინვალაში 1600 კვადრატული მიწის ნაკვეთი 50 ათას დოლარად იყიდა.

დიღომში ქართველი მილიონერების უბანში ცხოვრობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამია ფხაკაძე. თეთრად შეღებილი წითელსახურავიანი საცხოვრებლის ფასადი ხით არის მოპირკეთებული. ფანჯრებს კი მეტალის გისოსები იცავს. სოფელ დიღომში მათ 400 კვადრატული 2011 წელს 12 ათას დოლარად იყიდეს. სახლი კი ერთი წლის შემდეგ ააშენეს, რომელიც 87 ათასი ლარი დაუჯდათ.

მოსამართლე მამია ფხაკაძის ოჯახის საკუთრებაა თბილისში, საბურთალოზე მდებარე ორი საცხოვრებელი ბინაც - 116 და 58 კვადრატული მეტრის ფართობით და 3 წლის წინ ბაკურიანში 30 ათას დოლარად ნაყიდი საცხოვრებელი.

მაღალჩინოსან მოსამართლეებს შორის ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთი დიმიტრი გვრიტიშვილს აქვს. მხოლოდ ეზო ბულაჩაურში 3000 კვადრატული მეტრია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის საბჭოს წევრს სოფელ ზემო ბულაჩაურში მდებარე ორსართულიანი სახლი მამამ ცოტა ხნის წინ გადაუფორმა.

მოსამართლეების მდიდრული სახლების სიაში კი სააპელაციო სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ლიდერობს. მისი სახლი დიღომის დასახლებაში მდებარეობს. ბრიტანული არქიტექტურის გავლენით აშენებული ორსართულიანი სახლი წითელი სახურავით უბანში გამორჩეულია. 

დღის ამბები