27 აპრილი 2024,   00:27
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება, დანაშაულია მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე - პრეზიდენტი 

საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - ასეთია საქართველოს პრეზიდენტის შეფასება, ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

განცხადება სალომე ზურაბიშვილის სახელით მისმა პრესსპიკერმა გააკეთა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს თემა განხილული უნდა იქნას ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე. გარდა ამისა პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ახალი ფორმატი, სადაც მსგავს კონტექსტთან მიმართებაში პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა იქნება.

„პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაულია მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. აი ამ კონტექსტში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც მოიტანს მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს ახლა ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვნილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის,"-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. 

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ჟენევის ფორმატი ამ ეტაპზე არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს სჭირდება.

დღის ამბები