22 მაისი 2019,   22:00
ვრცლად
„მე და ჩემს ბიზნესს გვემუქრებოდნენ განადგურებით... ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას" - ამერიკელი ბინზესმენი

კურიერი ამერიკელ ბიზნესმენს, ედვარდ ჩარის, დაუკავშირდა, რომელმაც საქართველოში მისი კომპანია აიკონია კაპიტალისთვის შექმნილ პრობლემებზე გამოცემა ახალი ევროპის სტატიაში ისაუბრა.

ედუარდ ჩარი რუსთავი2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს და გეგმავს, რომ ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.

ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები.

ამერიკელი ბიზნესმენი ღიად ამბობს, რომ მას და მის ბიზნესს ემუქრებოდნენ.

ედვარდ ჩარი ხელს პირდაპირ საქართველოს მთავრობისკენ იშვერს და სახელმწიფო ინსტუტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. 

მისი შეფასებით, საქართველოში არათუ ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ მისი არსებობისთვისაც კი არ არის ხელსაყრელი გარემო. ბიზნესმენის განცხადებით, უნდა შეიცვალოს კორუფციული მიდგომები სასამართლოში და ხელისუფლების დამოკიდებულება ივესტორებისადმი. 

„საქართველომ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედებს. საუბარია იმ ხელსაყრელი გარემოს უხეშად გაუარესებაზე, რომელიც აქ ინვესტირებისთვის უნდა შექმნილიყო. მე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტები ამერიკის მთავრობაში, სენატორებთან, კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესმენ გებარტთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ადამიანი, რომელიც შესაძლოა, იყოს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი, ინფორმირებულია ამ საქმის შესახებ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვფიქრობ, უნდა გვქონდეს მისი დახმარების იმედი. ეს არ არის რიგითი საქმე.

„მე და ჩემს ბიზნესს გვემუქრებოდნენ განადგურებით, ჩვენ კი მხოლოდ ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით ვმოქმედებდით. აქ ჩემთვის მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების დანაშაულია. აქ არ არის პირობა არათუ ბიზნესის განვითარებისთვის, არსებობისთვისაც კი. როცა საქართველოს მთავრობა ამაყად საუბრობს, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა, ეს სასაცილოც კი აღარ არის. ჩემი მთავარი ადრესატი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც შექმნა ეს მახინჯი სისტემა და არა ქართველი ხალხი, რომელიც ძალიან მიყვარს. უნდა შეიცვალოს კორუფციული მიდგომები სასამართლოში, ხელისუფლების მიდგომა ინვესტორების მიმართ და დაინგრეს ე.წ. პატრონის სისტემა,“ - განაცხადა ედვარდ ჩარიმ.

ბიზნესზე ზეწოლის შესახებ სტატია გამოცემა ახალ ევროპაში გამოქვეყნდა, სადაც ამერიკელი ედვარდ ჩარი მისი კომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე მიუთითებს.

მოგვიანებით სტატია ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ბერლამონტმა გადაბეჭდა, რომელიც ევროკომისიის, ევროპარლამენტის და სხვა ევროსტრუქტურების არაოფიციალური  ტვიტერგვერდია და რომელსაც ბრიუსელში პოლიტიკოსები კითხულობენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები