06 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
საქართველო დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს - პრემიერმა სამხედროებს სიტყვით მიმართა

ნატო-საქართველოს 10-დღიანი ერთობლივი სწავლება ხვალ სრულდება. დასრულებამდე ერთი დღით ადრე კრწანისში ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრში  პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი იმყოფებოდნენ. ისინი სწავლებას გაეცნენ და მასში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს.

ბაზაზე ასევე იმყოფებოდა ნატო-ს სარდლობის მოკავშირეთა ტრანსფორმაციის უფროსის მოადგილე, ადმირალი, მანფრედ ნელსონი. 

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობას. პრემიერმინისტრის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საიმედო პარტნიორი, ახლოს არის ნატო-სთან.

ბახტაძის თქმით, საქართველო თავისუფლების, დემოკრატიისა და იმ საერთო ღირებულებებისადმი ერთგულია, რომლის საფუძველზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შეიქმნა.

„საქართველო როგორც ყოველთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ძალისხმევაში. უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გადაიქცა. ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თავდაცვის მინისტრმა კი საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხალხს იმ ღირებულებების რწმენა აქვს, რის საფუძველზეც ალიანსი შეიქმნა.

„მთავარი მოტივაცია ჩვენთვის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და იმ ღირებულებისადმი რწმენა, რის საფუძველზეც ნატო შეიქმნა. სწორედ ეს რწმენა გვაძლევს მოტივაციას მომავალშიც თანამშრომლობის დინამიკა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ნატოსთან, რათა საქართველო გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატო-ს სარდლობის მოკავშირეთა ტრანსფორმაციის უფროსის მოადგილემ, ადმირალმა, მანფრედ ნელსონმა ნატო-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც, ადმირალის შეფასებით, მისასალმებელი ფაქტია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები