06 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
რამდენიმე მაღალჩინოსანი უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე - ოპოზიცია ია კერზაიას საქმეს და ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურებიან  

რამდენიმე მაღალჩინოსანი უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე, მათ შორის ბატონი გახარია - ეს განცხადება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ია კერზაიას საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.

ნიკა მელია ევროპარლამენტარების წერილს ეხმაურება, სადაც ევროპელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ია კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში, გენინსპექციის თანამშრომლების შესვლასა და შემდგომ განვითარებულ პროცესებში, შს მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო.   

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი

„მტკიცედ მჯერა, რომ ვერც ერთი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ვერც ერთი გენინსპექციის თანამშრომელი დამოუკიდებლად, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ვერ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა, რომ არ ყოფილიყო აქ თავიდან ბოლომდე ჩართული ბატონი გახარია. ადამიანი, რომელიც კურირებდა არჩევნებს შარშან სამეგრელოში. ეს არის ჩემთვის უდაო საკითხი. ამიტომ, ახლა ევროპარლამენტარების ეს წერილი შეიძლება განვიხილოთ შემდეგნაირად. პრაქტიკულად, გახარიას ეუბნებიან, რომ შენი ნებით, ხელბორკილები დაიდე საკუთარ ხელებზე და ამას ახლა გახარია თავისით არ გააკეთებს, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება, მე ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დავით ბაქრაძეს არ სჯერა, რომ პროკურატურა ია კერზაიას საქმეს გამოიძიებს. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ის, რაც განხორციელდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, სისტემური დანაშაულის ხასიათს ატარებს.

დავით ბაქრაძე-ის სურათის შედეგი

„არ არსებობს არანაირი საფუძველი გვჯეროდეს, რომ პროკურატურა ან ეს ხელისუფლება გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს, დანაშაულს, რომელსაც სისტემა ჩადიოდა არჩევნების მოგების მიზნით, ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სისტემა გამოიძიებს მუხთარლის მოტაცებას, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ქართული მხარის მიერ არის გატაცებული. ისე, როგორც არ არსებობს საფუძველი, რომ სისტემა გადააბიჯებს საკუთარ თავს და დასჯის მაგალითად, სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელებს,“ - აცხადებს ბაქრაძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სისტემური დანაშაულების გამოძიების ერთადერთი გზა, ხელისუფლების ცვლილებაშია.

„ყველა ეს არის სისტემური დანაშაული, რომლის გახსნის და გამოძიების ერთადერთი გზა გახლავთ ხელისუფლების გადაბარება, ხელისუფლების შეცვლა და ასეთი მოთხოვნები, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ქმნის სწორედ იმ გარემოს და კლიმატს, როდესაც საქართველოს შიგნითაც და გარეთაც სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის და ასეთი დანაშაულების აღარ ჩადენისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპელი დეპუტატები პრემიერ მინისტრს, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.  

 

დღის ამბები