06 მაისი 2024,   03:01
ვრცლად
"ეს არის მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს" - გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე საუბრობს

ევროპარლამენტარების წერილს, სადაც ევროპელი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ, უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, წერილი საქართველოს გულშემატკივრის პოზიციას გამოხატავს. მათი თქმით, ეს არის მეგობართა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე დამატებითი ინფორმაცია სჭირდება.  

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მიერ, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილი წერილი, ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

გია ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„ამ საკითხზე კითხვები აბსოლუტურად გასაგებია. ეს არის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლების წერილი. იქვე მითითებულია, რომ ეს არის მეგობართა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს, გულშემატკივრობს მას და ამ საკითხთან დაკავშირებით სჭირდებათ დამატებით ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ეს წერილი, ვფიქრობ, არა თუ უყურადღებოდ დარჩება, არამედ საკმაოდ კომპეტენტურ პასუხსაც მიიღებს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ქვეყანაში სისტემურ დანაშაულს გამორიცხავს. 

„ის, რომ სისტემურ დანაშაულზე იყოს ლაპარაკი, მე მგონია, რომ ამ თემას კარგად უნდა გადახედოს თქვენმა ტელეკომპანიამაც და იმ ხალხმა, ვინც საერთოდ სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკობს, რომლებმაც შექმნეს ადამიანის უფლებების დამთრგუნველი სისტემა და უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და ჯანმრთელობა მოუსპეს,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

"წერილი არის იმის მაგალითი, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიას გულშემატკივრობენ," - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში სპეციალური მოსმენაც კი გაიმართა, სადაც ყველა კითხვა იქნა დასმული.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, პარლამენტმა სპეციალური მოსმენა დაუთმო ამ საქმეს და კომიტეტზე იყო ყველა ის კითხვა და ყველა ის ასპექტი განხილული, რომელიც საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მხარეს, მათ შორის ოპოზიციამაც დასვა ყველა კითხვა, რომელიც ამ საქმეზე ჰქონდათ. რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინიც არის ის, რომ ამ საქმეზე ჩატარდება სრულფასოვანი გამოძიება, “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტარების წერილს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატიც ეხმაურება. ლევან კობერიძე პროკურატურას ია კერზაიას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ლევან კობერიძე-ის სურათის შედეგი

„ევროპარლამენტარების ამ წერილთან ერთად, მეც შემიძლია პროკურატურას მოვუწოდო კიდევ ერთხელ, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი. თავიდანვე ვთქვი, რომ თუ საჭიროა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა და შიდა უწყებრივი გამოძიებით, დროზე დაადგინოს პასუხი. თუ ეს საკმარისი არ იქნება, საქმე აღიძრას. ბაჩანა არის ჩემი მეგობარი და მე მინდა რომ ძალიან სენტიმენტებისგან დაცლილი კომენტარები ვაკეთოთ. მეც მინდა ბევრი რამე სხვანაირად რომ იყოს და უფრო სწრაფად იყოს, მაგრამ ძიებას აქვს თავის პროცედურა,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები