06 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ყალბი ანგარიშები, ტროლები და მოპარული იდენტობები - "მედიის განვითარების ფონდმა" ე.წ. ტროლების მასშტაბური ჯგუფი გაშიფრა 

მოპარული იდენტობები, ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელებში და ტროლები, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებენ - "მედიის განვითარების ფონდში" ე.წ. ტროლების მორიგი მასშტაბური ჯგუფი გაშიფრეს, რომლებიც ხელისუფლების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან. მათ სულ 15 შემთხვევა გამოავლინეს.

კვლევის მიხედვით, ე.წ. ტროლები ყალბ ანგარიშებს ფლობენ, მოპარული აქვთ სხვისი ფოტოები და იდენტობები facebook სივრცეში და არ არიან ნამდვილები. მათ იდენტობები ძირითადად მოპარული აქვთ რუსული სოციალური ქსელებიდან.

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ყალბ ანგარიშებს ფლობენ, ინტერნეტ სივრცეში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და მათ ქმედებებს ამართლებენ.  

„კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლება ახდენს გარკვეული რესურსის მობილიზებას არასასურველი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ისინი იდენტურ პოსტებს ტოვებენ ერთდროულად, ქმნიან გარკვეულ საზოგადოების აზრს და შედიან დისკუსიაში იმ ადამიანებთან, ვინც კრიტიკულად ფიქრობს და ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი. ამის რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, ერთი რომ ისინი ვთქვათ ხელისუფლების ცალკეული პირების ქმედებებს ამართლებენ, იქნება ეს ოფიციალური პირები, კახი კალაძე,  შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი, თუ ვთქვათ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ იმ კრიტიკაზე, რომელიც შეეხება ბოტანიკური ბაღის გაფართოებას, აბასთუმნის ტუბდისპანსერის საკითხს და ა.შ.“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

"მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარის, სოფო გელავას განცხადებით, ე.წ. ტროლების უმეტესობა 2019 წელს შეიქმნა. ისინი ხშირად იყენებენ პოსტებს, რომელიც დასპონსორებულია

„ეს არის 6 გვერდი, რომელთა უმეტესობა შეიქმნა 2019 წელს და აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელებიც ისეთი აქვს, რომ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს არის მედია. მაგალითად ზეტ ნიუსი, კავკასუს პრესი, ან პრეს კლუბი და ა.შ. თუმცა, ესენი რეალურად, არც არიან რეგისტრირებულები, თან არიან ახლად შექმნილი გვერდები,“ - განაცხადა სოფო გელავამ.

 

 

 

დღის ამბები