06 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის თავდასხმა შალვა შავგულიძეზე - "ოცნების" ლიდერმა გირგვლიანის საქმის იურისტს უმძიმესი ბრალდება წაუყენა

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, შალვა შავგულიძეზე - ივანიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმე და ამ საქმეში ოჯახის მაშინდელი ადვოკატის როლი, 13 წლის შემდეგ, შუალედური არჩევნების წინ გაახსენდა.

ივანიშვილმა იურისტს უმძიმესი ბრალდება წაუყენა და სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატობის პარალელურად, წინა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

ტელეინტერვიუს დროს ივანიშვილი მაყურებლის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების მსუბუქი სასჯელი არა მოსამართლე ლევან მურუსიძის, არამედ ადვოკატ შავგულიძის ბრალი იყო.

შალვა შავგულიძემ დღეს ბიძინა ივანიშვილი გირგვლიანის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ოცნების“ ლიდერს ეს პირველად არ გაუკეთებია. შავგულიძემ ასევე ახსნა, რომ წლების წინ ხელისუფლების გავლენების ქვეშ მოქცეულ სასამართლოში დავის აზრს ვერ ხედავდა და მის მთავარ მიზანს საქმის სტრასბურგში წაღება წარმოადგენდა.

ევროსასამართლო გირგვლიანის საქმეზე ვერდიქტში 2011 წელს წერდა, რომ სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მცდელობით, ხელი შეეშალათ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატში ივანიშვილმა მისი რჩეულის, ლადო კახაძის სერიოზული კონკურენტი დაინახა, შეეშინდა და ამიტომ გირგვლიანი საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

იმ განცხადებების მიღმა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს მიუკერძოებელ მოსამართლედ, შალვა შავგულიძეს კი გირგვლიანების დამაზიანებლად წარმოაჩენს, ოპოზიციამ შეშინებული არაფორმალური მმართველი დაინახა.

არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ივანიშვილი ამ ერთ თვეში ისტორიის გადაწერას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები