06 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
დაოკდნენ, ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს - რატი იონათამიშვილი ივანიშვილის კრიტიკის გამო ოპოზიციას მიმართავს

„საკმარისია ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა საჯარო სივრცეში, რომ სრულიად ჩვენი ოპოზიციური სპექტრი და ოპონენტები ვარდებიან პანიკაში და სრულ ისტერიაში,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეხვედრას ეხმაურება, სადაც „ოცნების“ თავმჯდომარემ სამების ტაძრის მოხატვის სრულად დაფინანსებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

რატი იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საარჩევნო პერიოდს საერთოდ არ უკავშირებს და ამ ნაბიჯს ხსნის იმით, რომ "ოცნების" ლიდერი მუდმივად ეწევა ქველმოქმედებას.

„ის ათწლეულების მანძილზე, მუდმივად და გაუჩერებლად აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს და ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც სიკეთეები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური შეხედულების და მრწამსის და ცხადია, როდესაც ეს პრაქტიკა გრძელდება რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, მომავალშიც გაგრძელდება და ეს მუდმივი პროცესია მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. დაოკდნენ, ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს იმიტომ, რომ ქართულ საქმეებზე იერიშის მიტანა, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა დღეს შედგა, რომელსაც საპატრიარქოში სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მათ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს ასევე, სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები